აქ არის გალაკტიონის რამოდენიმე კარგი ლექსი! ***
ცხოვრების გზაზე მენავეს ტალღა სცემს ხმაონავარი. სულის სიმტკიცე აქ გვმართებს - აი, რა არის მთავარი.
რაც ომმა ჩვენ მოგვაყენა ჭრილობა სხვადასხვაგვარი, უნდა მოშუშდეს, აი, რა, აი, რა არის მთავარი.
მეცნიერება კი მზეა, ფუძეა, მტკიცე ჯავარი. შრომა, ცოდნა და სიმართლე გვწამდეს, ესაა მთავარი.
თუ ადამიანს გეტყვიან - მასზე ძვირფასი რა არის, სახელი ადამიანის - აი, რა არის მთავარი.
გეკაფოსთ - რაც უღრანია, აგევსოთ - რაც ხარვეზია. სამშობლო არ დაივიწყოთ, სამშობლო - უმთავრესია.
იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!
ბუმბერაზ ზღვის კიდე, ცის კიდე, ომია, ღელვა თუ სიმშვიდე, იდიდე, იდიდე, იდიდე!
იბრძოდე, სჭედავდე თუ მკიდე - წინაპრებს ჰბაძავდე სიკვდიმდე, დედაო ქართლისავ, გმირთ ზრდიდე - იდიდე, იდიდე, იდიდე!
მრავალ წელს მუხანათს შიშს ჰგვრიდე, იმრავლე, იცოცხლე, იმკვიდრე! ჩანგები გულისკენ მიზიდე, იდიდე, სამშობლოვ, იდიდე!
მამული
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გავიარე - რაა მამული?! წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.
გაშალა ველი ნელმა ნიავმა, და მელანდება მე მის წიაღში მოხუცი მამა, მოხუცი მამა სასხლავით ხელში დადის ვენახში.
აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი მასზე ოცნებას დაემგვანება! ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!.. დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!
მე და ღამე
ეხლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე იწვის, დნება, სიო, სარქმლით მონაქროლი, ველთა ზღაპარს მეუბნება. მთვარით ნაფენს არემარე ვერ იჩილებს ვერცხლის საბანს, სიო არხევს და ათოკებს ჩემს სარქმლის წინ იასამანს. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი, ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი. საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული, ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული. დიდი ხნიდან საიდუმლოს მეც ღრმად გულში დავატარებ, არ ვუმჟღავნებ კვეყნად არვის, ნიავსაც კი არ ვაკარებ. რა იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული, ან რა არის მის სიღრმეში საუკუნოდ შენახული. ვერ მომპარავს ბნელ გულის ფიკრს წუთი წუთზე უამესი, საიდუმლოს ვერ მომტაცებს ქალის ხვევნა და ალერსი. ვერც ძილის დროს ნელი ოხვრა, და ვერც თასი ღვინით სავსე, ვერ წამართმევს მას, რაც გულის ბნელ სიგრმეში მოვათავსე. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარქმელში მოკამკამემ, იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ. იცის - როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
უსიყვარულოდ
უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე, სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ... უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი, როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს, იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს, არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს... და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი, ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს... სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს. და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი, ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ. და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ! 1914
მერი
შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი! მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა, სანდომიან ცის ელვა და ფერი მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!
აფეთქებული და მოცახცახე იწოდა ნათელ ალთა კრებული, მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე იყო იდუმალ გაფითრებული.
იწოდა ტაძრის გუმბათი, კალთა, ვარდთა დიოდა ნელი სურნელი, მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა სხვა არის ლოცვა განუკურნელი.
მესმოდა შენი უგონო ფიცი... მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა... ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი: ეს გლოვა იყო, თუ ჯვარისწერა?
ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა... იყო ობლობა და შეცოდება, დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.
ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა! ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.
ნაბადი ტანზე შემოვიხვიე, თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს; ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე ღონე-მიხდილი მივაწექ კედელს.
ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.
და შრიალებდა ტოტი ვერხვისა, რაზე – ვინ იცის, ვინ იცის, მერი! ბედი, რომელიც მე არ მეღირსა – ქარს მიჰყვებოდა, როგორც ნამქერი.
სთქვი: უეცარი გასხივოსნება რად ჩაქრა ასე? ვის ვევედრები? რად აშრიალდა ჩემი ოცნება, როგორც გაფრენილ არწივის ფრთები?
ან ცას ღიმილით რად გავცქეროდი, ან რად ვიჭერდი შუქს მოკამკამეს? ან „მესაფლავეს" ვისთვის ვმღეროდი, ან ვინ ისმენდა ჩემს „მე და ღამეს"?
ქარი და წვიმის წვეთები ხშირი წყდებოდნენ, როგორც მწყდებოდა გული და მე ავტირდი – ვით მეფე ლირი, ლირი, ყველასგან მიტოვებული.
მთვარის ნაამბობიდან
(ნაწილი I)
ვიცი, ცაო, გულმავიწყო, მე ზრუნვა ვარ, შენ - ოცნება. არ იქნება, არ დავიწყო ოცნებათა შემოწმება.
ბევრი მხარე მოვიარე - ასე იწყებს ამბავს მთვარე, - მაგრამ საქართველოსთანა არ მინახავს არსად მხარე.
ბრწყინავს მისი ძველისძველი უძველესი მთა და ველი, მისი წყალი, მისი სივრცე, მისი შოთა რუსთაველი!
რუსთაველი მახსოვს ბავშვი, ოცნებობდა ოქროს ნავში, მიცქეროდა და თან თრთოდა, ვით ფოთოლი თრთის ნიავში.
ვიცი, ცაო, ფანტომიდან ზრუნვა ვარ და შენ - ოცნება. მრავალ ახალ კარგს მომიტანს ოცნებათა შემოწმება.
კაცთა შრომამ მალარიით მოშხამული ატმოსფერა ახალ ჩაით, ახალ იით ახლად გააოქროსფერა.
აგერ მძლავრი და ტიტანი მოსჩანს კავკასიის ტანი. მიჯაჭვული აქ იყო და აქ აიშვა ამირანი!
არწივებს ჩასძინებოდათ
ჩასძინებოდათ არწივებს, სთვლემდნენ მუხათა ტოტები, ბნელ ღამეს ააქარცივებს მკივანი მიკიოტები. არწივებს ჩასძინებოდათ, ბედი არ სთვლემდა ცბიერი: შორით შორს ალი ჩნდებოდა, ცეცხლი გორავდა ძლიერი. ტყეს ცეცხლი ეკიდებოდა, როგორც ძნას შემოდგომისას. არწივებს ჩასძინებოდათ, სიზმრებს ხედავდნენ ომისას. ცეცხლი, ხავსებით დახალულს, გზებს ალით შემოამძივებს, იქ გაჩნდა, სადაც დაღალულს ჩასძინებოდათ არწივებს; გამოეღვიძათ არწივებს... ცეცხლი! - შესძახეს წივილით, ცეცხლი! - მიდამოც გასწივის, ცეცხლი! - ტყე ამბობს ტკივილით. არწივებს გაკიდებული ფრთებს ცეცხლი გადაეყარა, ფრთებზე ცეცხლწაკიდებული, შორით გაფრინდნენ ვეღარა, იქვე დაეცნენ სამზირად, გულს თუმც გაფრენა სწადიან, დაღლილნი, არაგვის პირად ფრთადაკიდულნი დადიან: „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა, ეწადა ბეჩავს ადგომა, მაგრამ ვეღარა დგებოდა". 1916
........................... სადაც უნდა მივდიოდე უცხო ქვეყნად მარები, უკანასკნელ შვიდიოდე წლის თან დამდევს ქარები. სადაც უნდა შევიარო, ღვინოს დამაძალებენ, მწუხარება ვერ დავფარო,- ღვინოს დააბრალებენ. ო, ძვირფასო, ჯვარზე მაცვეს, გაქრა გიჟი ოვნება, ვკოცნი, ვკოცნი მე შენს ბაგეს, მაგრამ რა მეკოცნება. ...................... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს… ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე… ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული… ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული… და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი… ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

ლურჯა ცხენები როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი, ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში! არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე. მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან! სიზმარიან ჩვენებით - ჩემი ლურჯა ცხენებით ჩემთან მოესვენებით! ყველანი აქ არიან! იჩქარიან წამები, მე კი არ მენანება: ცრემლით არ ინამება სამუდამო ბალიში; გაქრა ვნება-წამება, როგორც ღამის ზმანება, ვით სულის ხმოვანება ლოცვის სიმხურვალეში. ვით ცეცხლის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები! ყვავილნი არ არიან, არც შვება-სიზმარია! ახლა კი სამარეა შენი განსასვენები! რომელი სცნობს შენს სახეს, ან ვინ იტყვის, შენს სახელს? ვინ გაიგებს შენს ძახილს, ძახილს ვინ დაიჯერებს? ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში, სძინავთ ბნელ ხვეულებში გამოუცნობ ქიმერებს! მხოლოდ შუქთა კამარა ვერაფერმა დაფარა: მშრალ რიცხვების ამარა უდაბნოში ღელდება! შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეებით უსულდგმულო დღეები ჩნდება და ქვესკნელდება. მხოლოდ ნისლის თარეშში, სამუდამო მხარეში, ზევით თუ სამარეში, წყევლით შენაჩვენები, როგორც ზღვის ხეტიალი, როგორც ბედის ტრიალი, ჩქარი გრგვინვა-გრიალით ჰქრიან ლურჯა ცხენები!
|